ამორალურია, რომ კაცი, რომელიც ამბობდა, რუსი ბანი ვარო, რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„კაცი როცა თავის თავზე ამბობს, მე ვარ რუსი ბანიო და რუსთაველზე მისვლას უშლის 9 აპრილის მიტინგის, აქციის წამყვანს, ირაკლი ქადაგიშვილს, ეს ამორალურია, ეს უნდა ვიცოდეთ. ჩვენ შედარებით პატარები ვიყავით, მაგრამ ჩვენ შორის არიან უფროსი თაობის ადამიანები, რომლებიც უშუალო მონაწილეები არიან, წამყვანი იყო იმ აქციის ირაკლი ქადაგიშვილი. და კაცი, რომელიც ამბობდა, მე რუსი ბანი ვარო, აგვისტოს ომის შემდეგ, სხვათა შორის, ეს კაცი ცდილობს, ხელი შეუშალოს ირაკლი ქადაგიშვილს მისვლაში. წარმოუდგენელი ამბავია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და 9 აპრილის მემორიალთან მისვლის გამო მუშტი-კრივი არ ავტეხეთ, ამით ძალიან ნუ გაიხარებენ. რეალურად, საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლებას, რომელიც, მათ შორის, 9 აპრილის გმირებმა მოიპოვეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.