საქართველომ დაადასტურა, რომ მისი შეიარაღებული ძალები აფხაზეთის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციისათვის ემზადებიან. ასე გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებული სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილმა ყველა ქართველს მოუწოდა, მანამ ვიდრე ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიები ოკუპირებულია იცხოვრონ დევიზით - "მომავალ წელს სოხუმში შევხვდებით". აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში საქართველოს მოსახლეობის კითხვებზე პასუხების გაცემის დროს გააკეთა.
"აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეYსამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის მორიგი აგრესიული განცხადებების გაკეთების გამო, რომელიც მან "პირველი საინფორმაციო კავკასიური" არხის პირდაპირ ეთერში 25 იანვარს გააკეთა. განცხადებაში არის მოწოდება ქართველი ხალხისადმი იცხოვრონ დევიზით - "მომავალ წელს სოხუმში შევხვდებით", _ ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "სააკაშვილმა თავს უფლება მისცა და ღიად განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება".
"სააკაშვილმა თავს უფლება მისცა და ღიად განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება და უკეთესი ორგანიზებულობის წყალობით, საქართველო მოიგებს ომს და მომავალი წლის შეხვედრას სააკაშვილი სოხუმში აპირებს", _ ნათქვამია განცხადებაში.
სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ ამგვარი განცხადებები არის ღია მოწოდება საბრძოლო აგრესიის დაწყების შესახებ.
"ამგვარი განცხადებები არის ღია მოწოდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის დაწყებისათვის. საქართველომ ასევე დაადასტურა, რომ მისი შეიარაღებული ძალები ატარებენ გაძლიერებულ მზადებას აფხაზეთის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციის მოსაწყობად", _ ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ - "საქართველოს პოლიტიკა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ე.წ. მშვიდობიანი განცხადებები, რომლებიც მან გასული წლის 24 ნოემბერს ევროპარლამენტში გააკეთა, როგორც ყოველთვის არის მცდელობა შენიღბოს საქართველოს უწყვეტი მისწრაფება სამხედრო მოქმედებების გაგრძელებისათვის".
სეპარატისტების ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით შეურაცხყოფილი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთის მისამართით გამოთქმული "ცინიკური" განცხადებების გამო.
"განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს რუსეთის მისამართით გამოთქმული ბრალდებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოკუპაციის შესახებ, იმ ფონზე, რომ ახლახანს მოსკოვში არაადამიანური ტერაქტი მოხდა, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაიღო", _ წერენ სეპარატისტები და განცხადების ბოლოს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ - "ადეკვატური შეფასება მისცეს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, იმ ფონზე, რომ მან ძალის გამოუყენებლობის პირობა დადო".
მასალის გამოყენების პირობები