მინდა, მივმართო ბავშვებს, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახი იყო ძალიან ბევრი და თქვენნაირი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავით სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქეფდათ, უბრალოდ დახვრიტეს ქუჩაში, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა და ახალგაზრდებს მიმართა.
„იმ პატარა ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩაზე, რომელიც უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობს, სასტიკად მოკლეს ბუტა, სანდრო და ზურა კვინტრაძე, რომელიც 26 მაისს სახურავზე ხელებშეკრული შემოაგდეს, გამოგვიცხადეს, ვითომ დენმა დაარტყა. ამას გადაჰყვა მამა, რომელიც მორგში მივიდა ამოსაცნობად და მეორე დღეს გარდაიცვალა, ტრაგედიას ვერ გაუძლო. ოთხი ადამიანი მარტო ამ პატარა ქუჩაზე შეიწირეს. აი, ვინ იყვნენ საშინელი სააკაშვილი, მისი გარემოცვა და რას წარმოადგენდა მათი მეთოდები, იმდროინდელი ხელისუფლება. მინდა, მივმართო ბავშვებს, შვილებო, თქვენ თუ არ იცით და არ იცოდით, რა ხდებოდა, ახლა მაინც შეხედეთ რაღაცას. გზააბნეული გიწოდოთ, თუ რა გითხრათ, ეგეც არ ვიცი, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახი იყო ძალიან ბევრი და თქვენნაირი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც თქვენსავით სიცოცხლე უნდოდათ და სისხლი უჩქეფდათ, დღეს მიწაში წვანან, დახვრიტეს უბრალოდ ქუჩაში და ამას აბრალებდნენ ბანდიტობას, ათას რამეს. თუ არ მეშლება 162 ადამიანია დახვრეტილი, მათგან ბევრის ოჯახმა ამოიღო ხმა, მაგრამ მალევე გაჩუმდნენ, რადგან სხვა შვილებიც ჰყავდათ და დიდი ზეწოლა, დაშინება მიმდინარეობდა ამ ოჯახებზე. სავარაუდოდ ამიტომ გაჩუმდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ 162 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ მოკლული“, – განაცხადა ია მეტრეველმა.