დიდი ეჭვი მაქვს, ეს არის კორუფციული გრანტი და გამოცხადებულია, თითქოს ეს არის თავისუფალი კონკურსი, აქ სულელი არავინ არის, ყველა კარგად ვხვდებით, საბოლოო ჯამში, ვის მისცემენ ამ ფულს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსის გამოცხადებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეჭვობს, წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ „ისფედს“ და მსგავს მილიონერ ორგანიზაციებს.
„ზუსტად იგივე მიზნებს ემსახურება, რასაც მანამდე ამერიკული დაფინანსება ემსახურებოდა, რომელიც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებულია, რომ იყო თანხები, რომლებიც სხვა ქვეყნების ასარევად, ხელისუფლების ცვლილებების,დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა. ახალმა ადმინიტრაციამ ამხილა ეს პრაქტიკა და ეს დაფინანსება შეწყვიტა, მაგრამ ვხედავთ, რომ სიცარიელე როცა იქმნება, იქ სხვა ძალები ამის შევასებას ცდილობენ. ახლა არის მცდელობა, რომ გარკვეული ვაკუუმი შეავსონ, ჩაანაცვლონ ამერიკული ფონდები და რასაც ადრე ამერიკული ფონდების მარჯვენა ხელით აკეთებდნენ, ახლა მარცხენა ხელით გააკეთებენ ბრიტანული თუ სხვა ევროპული ფონდებით.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის კორუფციული გრანტი. გამოცხადებულია, თითქოს, ეს არის თავისუფალი კონკურსი, აქ სულელი არავინ არის და ყველა კარგად ვხვდებით, საბოლოო ჯამში, ამ ფულს ვის მისცემენ. ეჭვი მაქვს, რომ წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ „ისფედს“ და მსგავს მილიონერ ორგანიზაციებს. ესეც თვალთმაქცობა და კორუფციაა, როცა წინასწარ უკვე ცნობილია შედეგი, თითქოს რაღაც ღია კონკურსი ცხადდება. ამით უნდათ, მოატყუონ ქართული საზოგადოება, მათ შორის ბრიტანული, როცა წინასწარ ცნობილი შედეგი აქვთ და თავისი გადასახადის გადამხდელებს ისე ეუბნებიან, თითქოს აქ კონკურსებია და ნეტავ, ვინ გაიმარჯვებს და „ისფედი“ მიიღებს თუ არა საკმარის ქულებს – იქნება ტუჩებისა და ფრჩხილების კვნეტა, ვინ მიიღებს და ვინ – არა. ეს კლოუნადა რომ იდგმება, ასე უსირცხვილოდ, ესეც აჩვენებს, რომ ასეთი საქმიდან კეთილი ნაყოფი არასდროს იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად.