ფაშისტური კამპანიები გარედან წახალისებული და დაფინანსებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე გოგა ხაინდრავასა და ვატო შაქარიშვილის თვდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა..
„გუშინ დილით, სოციალურ ქსელში სტატუსი მქონდა, რომელიც გერმანიის საელჩოს ერთ-ერთ განცხადებას ეხებოდა. იქაც აღვნიშნე, რომ ფაშისტური კამპანიები გარედან წახალისებული და დაფინანსებულია. რამდენიმე საათიც არ იყო გასული, როცა ამ ფაშისტური კამპანიის გამოვლინება იყო, როცა ადამიანი პროვოკაციულად მივიდა და ღირსების შემლახველი თავდასხმა დაიწყო. ზუსტად ეს არის, რაც წახალისებულია ზოგიერთი საელჩოს და დონორის მხრიდან. ამას უკრავენ ტაშს, ასე უნდათ, რომ ჩვენი საზოგადოება გახლიჩონ. ეს არის განზრახვა, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ და საზოგადოებაში მუდმივი შფოთი იყოს. ვერცერთ საელჩოს ვერ ნახავთ, რომელიც ამას დაგმობს, რადგან ზუსტად ზოგიერთი საელჩო ამ კამპანიის უკან დგას. მათ მიერ დაქირავებული ადამიანები „მონა-მონა“ და „რუსი-რუსი“ კამპანიას აწარმოებენ. ეს არის ზოგიერთი დიპლომატისა და დონორის მხრიდან ქართულ საზოგადოებაზე ჩვეულებრივი ჰიბრიდული თავდასხმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ, უკვეთავენ და აქეზებენ ამ ღირსების შემლახავ კამპანიას. გერმანიის საელჩოს განცხადება იყო, რომლითაც ფაქტობრივად, ისინი ამბობდნენ, რომ ვენის კონვენციას არ აღიარებენ და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერევიან იმიტომ, რომ რატომღაც ალბათ, გერმანიის საელჩო ფიქრობს და საკუთარ კონსტიტუციაზე მიუთითებს, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი მსოფლიოში ღირსების დაცვაზე. სად ხედავენ ღირსებას, როცა ადამიანების მიმართ ასეთი ეპითეტებით მიმართვა ხდება? – ეს წაქეზებულია ზუსტად იმ წაყრუებით ან პირდაპირი შეკვეთით, რაც სხვადასხვა უცხოური ფონდიდან მოდის ორგანიზაციების მიმართ. ყველას შევახსენებ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან „მოლოტოვის“ კოქტეილს აფინანსებდნენ. ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან „მონა.ჯი“-ს კამპანიას აფინანსებდნენ. ასე, რომ პრობლემა არის არა იმ ადამიანში, ვინც სხვებს თავს დაესხა ღირსების შემლახველი და ზიზღის კამპანიით, არამედ პრობლემაა მათში, ვინც ამ ადამიანს აფინანსებს და აქეზებს. ვინ აფინანსებთ და ვინ აქეზებთ, სამწუხაროდ, ამას სხვადასხვა უცხოელი აქტორის მხრიდან ყოველ დღე ვხედავთ“,- პირველი არხის ცნობით, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა გიორგი მამნიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავს დაესხნენ გოგა ხაინდრავა და ვატო შაქარიშვილი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო შაქარიშვილმა კი განაცხადა: "ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში"