ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ ჯერ არ დამდგარა დრო, რომ ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაურეკონ.
ფინელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადაიდოს, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში.
„ცხადია, აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან და რაღაც მომენტში ევროპაც შევა დიალოგში. თუმცა, მთავარი ის კი არ არის, როდის და ვინ ილაპარაკებს, არამედ ის, რის მიღწევას ვცდილობთ ასეთი საუბრით. გუშინდელი ამბები ბალისტიკური რაკეტის სამოქალაქო სამიზნეზე მოხვედრის შესახებ, რამაც გამოიწვია ბავშვების დაღუპვა, მიუთითებს იმაზე, რომ საუბარი უნდა გადაიდოს“, - განაცხადა ვალტონენმა.
მან ასევე დასძინა, რომ ფინეთი რუსეთს არ მიიჩნევს მტრად, მაგრამ ეწინააღმდეგება მის ქმედებებს და საერთაშორისო სამართლის დარღვევას.
"ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობების იმედი გვაქვს, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყებს რუსეთი საერთაშორისო სახელშეკრულებო სისტემაში დაბრუნების სურვილის დემონსტრირებას", - ხაზგასმით აღნიშნა ვალტონენმა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვიდრე ეს არ მოხდება, ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი ნაადრევი იქნება.
„ეს საკითხი ევროპელ პარტნიორებთან უნდა განვიხილოთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, ახლა არ არის დრო [ნორმალიზების]. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგია: მხარი დავუჭიროთ უკრაინას, დავასუსტოთ რუსეთი სანქციებით და გავაძლიეროთ საკუთარი თავდაცვა“, - თქვა ვალტონენმა.