შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოელის, რომ რუსეთი მზად იქნება ომის დასრულებისთვის, მაგრამ სამუდამოდ ვერ დაელოდება. ამის შესახებ რუბიომ ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქ,ეთა მინისტრების შეხვედრის ფარჯგლებში განაცხადა.
„ეს არის ის, რისი გაკეთებაც პრეზიდენტს სურს. მას სურს ომის დასრულება და სურს ამის გაკეთება ძალიან ადრე მისი ადმინისტრაციის დროს. შესაძლებელია ამ ომის დასრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით. თუ ორივე მხარე თანახმა იქნება. ჩვენ ახლა ამ პირობების პოვნის პროცესში ვართ და მალე გავიგებთ კვირებში და არა თვეებში, მზად არის თუ არა რუსეთი მშვიდობისთვის“, - განაცხადა რუბიომ.
სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები ახლა რუსეთს უყურებს და დასძინა, რომ თუ მათ აქვთ „გაჭიანურების ტაქტიკა“, შეერთებული შტატები ამით არ იქნება დაინტერესებული და ტრამპი არ მოლაპარაკებებს უსასრულოდ ვერ გამართავს.
რუბიომ აღნიშნა, რომ ვერ დაასახელებს შეთანხმებების კონკრეტულ თარიღებს და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის „ადეკვატური“ პირობები უნდა არსებობდეს.
„ეს თუ გაჭიანურების ტაქტიკაა, პრეზიდენტი ამით დაინტერესებული არ არის. თუ ეს მოლაპარაკებების უსასრულო გაგრძელებაა, პრეზიდენტი ტრამპი ამ ხაფანგში არ გაებმება. არა მათი სიტყვები, მათი ქმედებები განსაზღვრავს, არიან ისინი სერიოზულები თუ არა. ჩვენ მალე გავიგებთ, სერიოზულად არის თუ არა რუსეთი მშვიდობით დაინტერესებული. თუ ასეა, ეს შესანიშნავი იქნება. მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მშვიდობისკენ ვიმოძრაოთ. თუ არა, მაშინ მოგვიწევს გადავაფასოთ ჩვენი პოზიცია და ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. არის რაღაც დამაიმედებელი ნიშნები. არის რაღაც შემაშფოთებელი ნიშნები. ეს ადვილი არ იქნება. არავის უთქვამს, რომ ეს ადვილი იქნებოდა“, – აღნიშნა რუბიომ.
„თუ ხვალ გავიღვიძებთ და დავინახავთ, რომ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა, ეს იქნება საკმაოდ ნათელი ნიშანი იმისა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული მშვიდობით.
ეს ჯერ არ მომხდარა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ უნდა გავიგოთ, ნამდვილად უნდათ თუ არა მშვიდობა. თუ კი, მშვიდობის გზა არსებობს და ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ. თუ არა, სჯობს ამის შესახებ ადრე ვიცოდეთ, რათა შესაბამისად მოვარგოთ ჩვენი პოლიტიკა“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.