სეპარატისტულ აფხაზეთში რუს რკინიგზელთა პირველი სარემონტო ბრიგადა ჩავიდა. ეს არის 35 სპეციალისტი-მეგზევე, ისინი სოხუმში ჩელიაბინსკიდან ჩავიდნენ. მეორე ბრიგადას სეპარატისტულ აფხაზეთში 27 იანვარს ელოდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ე.წ. "აფხაზეთის რკინიგზის" სამმართველოს ხელმძღვანელი გურამ გუბაზი აცხადებს, რომ აფხაზეთში ამჟამად უკვე სარემონტო ბრიგადების გარდა სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან, რომლის ჩასვლის შემდეგაც მდინარე ფსოუდან ოჩამჩირემდე არსებული სარკინიგზო ლიანდაგის აღდგენა დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, სულ რკინიგზის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას 800 მდე ადამიანი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში რუსეთმა აფხაზ სეპარატისტებთან ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც სეპარატისტებს გამოეყოფათ საექსპორტო კრედიტი 2 მილიარდი რუსული რუბლის ოდენობით რკინიგზის აღსადგენად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ, ე.წ. ეკონომიკის მინისტრთან კრისტინა ოზგანთან და ე.წ. აფხაზური რკინიგზის სამმართველოს ხელმძღვანელთან გურამ გუბაზთან ერთად რამდენიმე ობიექტის ინსპექცია ჩაატარა. ობიექტები ღია სააქციო საზოგადოება "რუსული რკინიგზას"-თან თანამშრომლობის მზადყოფნაზე შემოწმდნენ.