მოვუწოდებ ყველას, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, ვინც მათ შორის მზად არის, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა, გამომეხმაუროთ, უნდა შევგროვდეთ ძალიან ბევრი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მამუკა მდინარაძემ დაანონსა, რომ უკვე ოფიციალურად იწყებს პროცედურას „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე. თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, ამასთან დაკავშირებით დააფიქსიროს პოზიცია. ეს არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი საკითხი. მდინარაძე აპირებს სავარაუდოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში ჩაატაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს, არაპარტიულებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, მოვუწოდებ, ფიზიკურად, იქნება ეს ბათუმში, თუ სხვა ადგილას, სადაც ამ პროცესს დაიწყებენ, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე დააფიქსირონ თავისი პოზიცია.
მე მაგალითად, პირდაპირი ეთერის მეშვეობით მოვუწოდებ ყველას, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, ვინც მათ შორის მზად არის, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა, გამომეხმაუროთ, უნდა შევგროვდეთ ძალიან ბევრი და მინდა, ვთხოვო ყველას, რომ ნიჰილიზმი, უიმედობა, ხელების ჩამოშვება, მაინც არაფერი გამოვა, არის რუსული პროპაგანდის ზეიმი. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ისეთი ჯგუფები, რომლებიც არ მისცემს შესაძლებლობას ე.წ. ძალოვან უწყებებს, რომ ადამიანები მოიპარონ აქციიდან, შემდეგ გაიტაცონ და აწამონ. ვიდრე აქამდე არ მივალთ და არ გვეცოდინება, რომ ძალას დავუპირისპირებთ ძალას, მუდმივად ვიქნებით თავდაცვის პირობებში. უნდა გვესმოდეს, ძალას დავამარცხებთ ძალით. ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიდრე ძალას, მარბიელებს და მწამებლებს პასუხს არ გავცემთ, ვიდრე ზუსტად იგივე მეთოდებით არ ვიმოქმედებთ, როგორც მოქმედებს რუსი ივანიშვილი, მანამდე ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ, ვინც არ იღებს ხმას, იგივე გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.