საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ჩინეთის ცენტრალურ ბანკში ვიზიტისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფინანსურ სექტორში მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ცენტრალურ ბანკებს შორის აქტიური პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ნაყოფიერი იქნება.
“ჩვენი ერთობლივი ამოცანაა უფრო ეფექტური გავხადოთ და დავაახლოოთ ორი ქვეყნის საბანკო სექტორი. ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის და ჩინური საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მისასალმებელია, რომ ჩინურმა მხარემ ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი ინტერესი და სურვილი გამოხატა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას.