დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უარყო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის ბრალდებები იმის შესახებ, რომ სკანდინავიის სამეფომ "არ ჩაატარა კარგი სამუშაო გრენლანდიის ხალხისთვის" და ძალიან მცირე ინვესტიცია ჩადო არქტიკის უსაფრთხოებაში.
როგორც ფრედერიქსენმა სოციალურ ქსელში დაწერა, უსაფრთხოების საკითხზე დანია მზადაა "დღე და ღამე ითანამშრომლოს ამერიკელებთან".
„დანია კარგი და ძლიერი მოკავშირეა ნატო-ს ყველა წევრისთვის, წლების განმავლობაში ამერიკელების მხარდამხარ ვიდექით რთულ სიტუაციებში და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან დანიის დახასიათება სწორი არ არის,“ - დაწერა მეტე ფრედერიქსენმა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხის არსებობის ფონზე დანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ხარჯები. ფრედერიქსენმა აღნიშნა, რომ აშშ-ოს ვიცე-პრეზიდენტმა „ნათლად გამოხატა“ მისი პატივისცემა გრენლანდიის სუვერენიტეტისა და გრენლანდიელთა თვითგამორკვევის უფლებისადმი.
მეტე ფრედერიქსენი ამავდროულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ არქტიკაში უსაფრთხოებას მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.
„დანია ახლა აძლიერებს ძალისხმევას, სხვა საკითხებთან ერთად, მეტი სადაზვერვო საშუალებები, ახალი არქტიკული ხომალდები, შორი მანძილის უპილოტო აპარატები და სატელიტური სიმძლავრე. მოგვიანებით, მეტი სიმძლავრე იქნება. ჩვენ შეგვიძლია, უფრო სწრაფად გავაძლიეროთ უსაფრთხოება, თუ ჩვენ შევძლებთ საჭირო მიწოდების მიღებას აშშ-დან. გრენლანდია ნატო-ს ნაწილია და ამიტომაც არის საჭირო, რომ ნატო-მ მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი ყოფნა არქტიკაში. არქტიკაში უსაფრთხოება ნატო-სა და ყველა არქტიკული მოკავშირისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, დღედაღამ ვითანამშრომლოთ ამერიკელებთან. თანამშრომლობა კი უნდა ეფუძნებოდეს თამაშის აუცილებელ საერთაშორისო წესებს“, – დაწერა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გრენლანდიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ გრენლანდია ახლა ნაკლებად უსაფრთხო ტერიტორიაა, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ იყო და კუნძულისთვის უკეთესი იქნება აშშ-ს მფარველობის ქვეშ იყოს, ვიდრე დანიის ხელმძღვანელობის.
„ჩვენ ნამდვილად ვკამათობთ დანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც არ დებს საკმარის ინვესტიციებს გრენლანდიაში და არ დებს საკმარის ინვესტიციას მისი უსაფრთხოების არქიტექტურაში. ეს უბრალოდ უნდა შეიცვალოს. აშშ-ის პოლიტიკაა ამის შეცვლა“, - თქვა ვენსმა.