აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაში მდებარე ამერიკულ კოსმოსურ ბაზა პიტუფიკში ვიზიტისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონი არ გეგმავს კუნძულზე სამხედრო ყოფნის გაფართოებას ან სამხედრო ძალის გამოყენებას. იუწყება BBC.
მისი თქმით, შეერთებული შტატები პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას, მაგრამ აპირებს ლიდერობა უზრუნველყოს არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის საფრთხის წინააღმდეგ.
ვენსმა ასევე გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც, მისი თქმით, ვერ შეძლეს კუნძულის უსაფრთხო დაცვა და აღნიშნა, რომ გრენლანდია მოიპოვებს დამოუკიდებლობას და მშვიდობიანად შეუერთდება შეერთებულ შტატებს.
ვენსი გრენლანდიაში ჩავიდა მეუღლესთან, უშასთან, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან მაიკ უოლცთან, ენერგეტიკის მდივან კრის რაიტთან, იუტას სენატორ მაიკ ლისთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ყოფილ მოადგილესთან, ჯულია ნეშეივატთან, უოლცის მეუღლესთან ერთად.
გრენლანდიამ და დანიამ, რომელსაც კუნძული ეკუთვნის, ამერიკული დელეგაციის ვიზიტს პროვოკაცია და ძალის დემონსტრირება უწოდა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა დაგმო აშშ-ის წარმომადგენლების კუნძულზე მიწვევის გარეშე ჩასვლის გადაწყვეტილება და მას "მიუღებელი ზეწოლა" უწოდა.
ვენსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ნამდვილად არის დაინტერესებული არქტიკის უსაფრთხოებით.
პრესკონფერენციაზე, პირველი კითხვის საპასუხოდ, ვენსმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად არ გეგმავს გრენლანდიაში სამხედრო ყოფნის გაფართოებას, მაგრამ ამერიკის ხელისუფლება გეგმავს ინვესტირებას ყინულმჭრელებსა და სამხედრო გემებში, რომლებიც განთავსდება ქვეყნის ტერიტორიაზე.
ვენსმა თქვა, რომ ბევრ ამერიკელს შეიძლება არ ესმოდეს, რატომ არის არქტიკა მნიშვნელოვანი აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, გრენლანდიაში აშშ-ის სამხედრო მისია არის სარაკეტო საფრთხეების მონიტორინგი და შესაძლო საჰაერო თავდასხმების თავიდან აცილება.
ვენსის თქმით, თუ შეერთებული შტატები არ გამოიჩენს ინტერესს გრენლანდიის მიმართ, მაშინ ამას სხვა ქვეყნები გააკეთებენ - რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც აფართოებენ თავიანთ ყოფნას რეგიონში.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები დაინტერესებულნი არიან არქტიკული დერეფნებითა და საზღვაო გზებით, ასევე მინერალური რესურსებით. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ამერიკის ლიდერობა არქტიკაში. ჩვენ არ შეგვიძლია თავები ქვიშაში ჩავფლოთ, ამ შემთხვევაში კი თოვლში - და ვაჩვენოთ, რომ ჩინელები არ არიან დაინტერესებულნი ამ ტერიტორიით“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსი მიიჩნევს, რომ გრენლანდია ახლა ნაკლებად უსაფრთხო ტერიტორიაა, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ იყო და კუნძულისთვის უკეთესი იქნება აშშ-ს მფარველობის ქვეშ იყოს, ვიდრე დანიის ხელმძღვანელობის.
„ჩვენ ნამდვილად ვკამათობთ დანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც არ დებს საკმარის ინვესტიციებს გრენლანდიაში და არ დებს საკმარის ინვესტიციას მისი უსაფრთხოების არქიტექტურაში. ეს უბრალოდ უნდა შეიცვალოს. აშშ-ის პოლიტიკაა ამის შეცვლა“, - თქვა ვენსმა.
კითხვაზე ტრამპის დაპირების შესახებ, რომ კონტროლს დაამყარებს კუნძულზე, ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს გრენლანდიელთა თვითგამორკვევის უფლებას და დიალოგის ერთგულია.
მისი აზრით, გრენლანდიის მოსახლეობა „არჩევანს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გააკეთებს“ და შეერთებულ შტატებთან გარიგების გაფორმებით შეძლებს საკუთარი მომავლის განსაზღვრას.
”ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სამხედრო ძალა ოდესმე იქნება საჭირო,” - თქვა მან.
იანვრის გამოკითხვების თანახმად, გრენლანდიელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის გეგმებს კუნძულის ანექსიის შესახებ.
Reuters-ის ცნობით, ხუთშაბათს გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკის მაცხოვრებლებმა თოვლში დროშები და მუყაოს ნიშანი ჩადგეს, რომელზეც ინგლისურად ეწერა „ჩვენი მიწა. ჩვენი მომავალი“.