პოლონეთი უკრაინას საბჭოთა წარმოების ორ გამანადგურებელ მიგ-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს.
ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიისა და თავდაცვის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორმა დარიუშ ლუკოვსკიმ განაცხადა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ლუკოვსკის ცნობით, თვითმფრინავები და საბრძოლო მასალა პოლონეთის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ნაწილი იქნება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 50 მილიონი ევროა.
ლუკოვსკის განცხადებით, თვითმფრინავებს უკრაინას უახლოეს მომავალში გადასცემენ.
„გადაწყვეტილება მიღებულია და ორი მიგ-29 გადაეცემა“, - აღნიშნა მან.
მედიის ცნობით, ერთ-ერთ თვითმფრინავს ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოწურული აქვს, ამიტომ მისი ნაწილების გამოყენება იქნება შესაძლებელი, მეორე კი კვლავ ვარგისია ფრენებისთვის.
ჟურნალისტების ინფორმაციით, საბრძოლო თვითმფრინავების გარდა, პოლონეთი უკრაინას გადასცემს 155 და 152 მილიმეტრის კალიბრის საარტილერიო ჭურვებს, 20×102 მილიმეტრის კალიბრის საბრძოლო მასალას F-16 ტიპის თვითმფრინავების ექვსლულიანი ქვემეხებისთვის, რომლებსაც რუსული დრონების ჩამოსაგდებად იყენებენ, ასევე მცირე მანძილზე მოქმედ საზენიტო რაკეტებს - Piorun-ს.