„ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება არის ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტი.
„მსურს ვისაუბრო, ძალიან დიდი გამარჯვებაზე, რომელიც ქართველი ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის მოიპოვა გუშინ, საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტმა პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა „მეგობარი აქტის“ დასამტკიცებლად, ერთხმად იქნა დამტკიცებული. ეს გამარჯვება არის რუსული რეჟიმის კიდევ ერთი დიდი კრახი საგარეო ფრონტზე. ვიცით, რომ არ დაუშურებია რეჟიმს ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ აქტის მიღების პროცესში პროგრესი არ შემდგარიყო. მათ ვერაფრით ვერ შეძლეს შესწინააღმდეგებოდნენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრების სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, ბოლომდე გვერდში დაუდგნენ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამ აქტის მიღება ნიშნავს ახალ რეალობას ივანიშვილის რეჟიმისთვის, მე ამ აქტს დავარქმევდი ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტს.
რა არის შინაარსი? - საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერასთან ერთად, აღნიშნული აქტი საკანონმდებლო დონეზე დაადგენს ჩარჩოს ფართომასშტაბიანი სანქციებისთვის, როგორც ივანიშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ისე ყველასთვის, მათ შორის იმ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ვინც რეჟიმთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის გაუქმებას, საქართველოს დაბრუნებას რუსეთის საბოლოო გავლენის სფეროში.
ვნახეთ, რეჟიმის რა ისტერიკა გამოიწვია აქტის მიღებაში წინ გადადგმულმა ნაბიჯმა, როდესაც გუშინ გამოვარდა რუსეთის წარმომადგენელი არალეგიტიმურ პარლამენტში - მდინარაძე, გამოაცხადა რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს თურმე რეჟიმი. ეს არის სასოწარკვეთილების ნიშანი. რეჟიმმა ვერ მიაღწია ვერცერთ ამოცანას რომელიც დაუყენა საკუთარ თავს, მალე 6 თვე გახდება არჩევნებიდან, მათ ვერ მიაღწიეს ვერც საერთაშორისო აღიარებას, და უფრო მეტიც, რაც მტკიცდება რეჟიმთან მიმართებაში არის ფართომასშტაბიანი სანქციების რეჟიმი“,- განაცხადა სამადაშვილმა.