ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. კრისტინ ლაგარდი თანამდებობას 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ლაგარდმა გადაწყვეტილების შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას აცნობა.
მისი უფლებამოსილების ვადა თავდაპირველად 2027 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ის თანამდებობას ვადაზე თითქმის ცხრა თვით ადრე დატოვებს. ლაგარდის შესაძლო ვადამდელი წასვლის შესახებ ვარაუდები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა.
ლაგარდის გადაწყვეტილება ევროპის ეკონომიკისთვის რთულ პერიოდში გახდა ცნობილი. ევროპის ცენტრალური ბანკი ინფლაციურ წნეხთან გამკლავებას ცდილობს, რასაც ირანთან ომის ფონზე ენერგორესურსებზე ფასების ზრდაც ამწვავებს. ამასთან, სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა ბიზნესისა და შინამეურნეობებისთვის სესხის აღებას აძვირებს.
ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად 2019 წელს დაინიშნა. მისი შემცვლელის შერჩევის პროცესი ახლა დაიწყება. შესაძლო კანდიდატებს შორის მედიაში ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი კლაას კნოტი და ესპანეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი სახელდებიან.