თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის ადვოკატების საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის ყველა ანგარიში დაყადაღებულია
"ძალაში რჩება ყადაღა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე, მათ შორის ანგარიშებზე, რომლითაც თბილისის სახლი მიმდინარე პროექტებს ანხორციელებდა" - წერია ორგანიაციის განცხადებაში.
დღეს, ასევე ნანუკას ფონდის დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფონდზე ყადაღის მოხსნაზე უარი მიიღო.
20 მარტს, ჟორჟოლიანმა ფონდისთვის ყადაღის მოხსნის თხოვნით, გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მიმართა.
17 მარტს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში დააყადაღა - უწყების განცხადებით, დაყადაღებულია: - ნანუკას ფონდი, ფროსფერითი, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7, სირცხვილია, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
აღნიშნული ფონდები ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას უწევენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეებს. ასევე გურიის სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.