საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, "რადიო თავისუფლებისთვის" შეწყვეტილი აშშ-ის დაფინანსების ჩანაცვლება ევროკავშირს ავტომატურად არ შეუძლია, მაგრამ "საგარეო საქმეთა მინისტრებისგან რეალური ბიძგი იყო", რომ ეს განიხილონ და გზა მონახონ.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი განიხილებოდა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე. მისივე თქმით, "ნახავენ, რისი გაკეთება შეუძლიათ".
„ის იყო დემოკრატიის შუქურა და ძალიან ღირებული ამ მხრივ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა ჩვენთვის კითხვა მდგომარეობს იმაში, შეგვიძლია თუ არა ჩვენი დაფინანსებით შევავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც აშშ ტოვებს? ამ კითხვაზე პასუხია, რომ ავტომატურად არ შეგვიძლია, რადგან გვყავს ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც მოდიან ჩვენთან ამავე თხოვნით, მაგრამ მართლაც იყო ბიძგი საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რომ განგვეხილა ეს საკითხი და გვეპოვა გზა. ასე რომ, ეს არის დავალება ჩვენი მხარისთვის, ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“, – თქვა კალასმა.