უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოელის, რომ შეერთებული შტატები მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს, თუ რუსეთი უარს იტყვის საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს შემუშავებულ წინადადებებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რას გააკეთებს შეერთებული შტატები, თუ რუსეთი არ დათანხმდება იმ ნაბიჯებს, რომლებიც შეთანხმებული იყო საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დროს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „ძლიერ ნაბიჯებს ელოდება“.
"ძლიერი ნაბიჯები რუსული მხარის მიმართ. მე მესმის, რომ შეგვიძლია მტკიცე ნაბიჯების იმედი გვქონდეს. დეტალები ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე და უკრაინის გაძლიერებაზე," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში არავის გააჩნია ილუზიები, რომ რუსეთი რაიმე შეთანხმებებს დაიცავს, მაგრამ მან საჭიროდ მიიჩნია ამერიკული მხარის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მიეღო, რათა უერყო განცხადებები, თითქოს უკრაინას ომის დასრულება არ სურს.
“ჩვენგან არავის სჯერა რუსების - ჩვენ ეს გავლილი გვაქვს. მაგრამ ნარატივებთან, თითქოს ომის დასრულება არ გვინდა, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოში ავრცელებს, არ ვითამაშებთ. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი, და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია - ომის დასრულება. მინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ამას ხედავდეს, რომ ამერიკელები ამას ხედავდნენ და გრძნობდნენ”, - განაცხადა ზელენსკიმ.