ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, ხელისუფლებას საშუალება მიეცა, ის ნაბიჯები გადაედგა, რაც აუცილებელია ეროვნული იდენტობის მახასიათებლების შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქამდე კანონმდებლობის გამკაცრებაში ხელს „დიფ სთეითი“ უშლიდა.
„ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, როცა ხალხს სიმართლე გავაგებინეთ, ხელისუფლებას საშუალება მიეცა, ის ნაბიჯები გადაედგა, რაც აუცილებელია ეროვნული იდენტობის მახასიათებლების შესანარჩუნებლად. იგივე, გენოფონდის შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი მთავარი ეროვნული საკითხია, რომ საქართველოში გენოფონდი გადარჩეს და საზოგადოება ჯანსაღი წესით ცხოვრობდეს. აქამდე კანონმდებლობის გამკაცრებაში ხელს „დიფ სთეითი“ გვიშლიდა. ამერიკის ელჩის სახით მათი მეფისნაცვალი იჯდა, ყოფილ ელჩს ვგულისხმობ. ასევე ბრიუსელიდან ევროკავშირის ელჩია, რომელთა პირდაპირი ჩარევები იყო. პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის განცხადებები ნახეთ, რომ მაგიდაზე ხელების ბრახუნით საკითხების გადაწყვეტა უნდოდათ. ახლა ის დრო დადგა, როცა შეგვიძლია, ეროვნული საკითხები წინა ხაზზე წამოვწიოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.