ხვალ, 27 ნოემბერს 16:00 საათზე სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" (თამარ მეფის დარბაზში) საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე რეალიზებული საწვავის ხარისხობრივი მონიტორინგის პირველი შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირისა და სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგის" ინიციატივით, პირველად, კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ხელმძღვანელობის თანხმობით, აღნიშნული კომპანიის ავტოგასამართი სადგურების მონიტორინგი განხორციელდა.
კერძოდ, მოხდა ,,სოკარის" კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის საწვავზე სინჯების აღება, ასევე საწვავის ჩასხმის ოდენობის შემოწმება, რომელიც ასევე მეტად მნიშვნელოვანია მომხმარებლებისათვის. განხორციელდა ავტოგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის დეტალური დათვალიერება, თუ რამდენად შეესაბამება იგი ევროსტანდარტის ნორმებს.
მონიტორინგში მონაწილეობა მიიღეს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა, ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგმა", კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის", კავკასიის რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრი ,,ღEჩ ჩაუცასუს"-ის და ფონდი ,,ქართული ხარისხის" წარმომადგენლებმა. სინჯების აღება მოხდა ავტოგასამართ სადგურებზე, რომელიც განახორციელა აკრედიტირებულმა ექსპერტმა, დოქტორმა ალექსანდრე ფერიაშვილმა. შემდგომ სინჯები დაილუქა და გადაიგზავნა ნავთობპროდუქტების აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ასევე მოხდა გასამართ სადგურებზე საწვავის ჩასხმის ოდენობის შეფასება.
პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც ჟურნალისტების გარდა, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან მოწვეულნი, მოხდება ლაბორატორიების დასკვნის საფუძველზე მიღებული მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება.
საწვავის ხარისხის მონიტორინგს ექნება პერმანენტული ხასიათი, ახლო მომავალში საწვავის ხარისხის შემოწმება განხორციელდება ასევე რეგიონებში, მათ შორის, ნაკლებად ცნობილ კომპანიებში.