უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მზადდება ახალი შეხვედრა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, რომლის შედეგები სავარაუდოდ მომავალ კვირაში იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„დღეს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯგუფებმა დაიწყეს შეხვედრისთვის მუშაობა. ანდრიი ერმაკმა და მაიკლ უოლცმა ისაუბრეს, არის დადებითი წინსვლა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას ვიხილავთ პირველ შედეგებს.
და ასევე უნდა განვაახლოთ მოძრაობა ევროპული მიმართულებით, რაც ეხება ჩვენს ევროინტეგრაციას, კერძოდ, კლასტერებს გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ მზადება მიმდინარეობს ამერიკასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის.