ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში განსაზღვრავს ასი დიდი საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხას. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გობეჯიშვილმა დღეს პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ეკონომიკის მინისტრი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე სწორედ ხელისუფლების საპრივატიზაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით იყო დაბარებული, თუმცა პოლოლიკაშვილის ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სახელმწიფოს მფლობელობაში არსბეული უძრავი ქონების ინვენტარიზაციაზე.
მისი თქმით, წლის ბოლომდე განისაზღვრება 100 დიდი ობიექტის ნუსხა, რომელიც იანვრისთვის უკვე პრივატიზაციისათვის იქნება გამოქვეყნებული.
გობეჯიშვილის განმარტებით, ამ ობიექტებში შედის როგორც საგანმანათლებლო, ასევე ჯანდაცვის ობიექტები და საწარმოებიც,
"შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ობიექტის ფასი არ იქნება 1 მილიონ დოლარზე ნაკლები, თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ ამ ობიექტების ფასი ომამდე გაცილებით მეტი იყო, მაგრამ არსებული ფინანსური კრიზისის გამო, ფასმა დაიწია და ახლანდელი აუდიტის შედეგებით მოხდება ამ ობიექტების შეფასება", - აცხადებს გობეჯიშვილი, თუმცა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს თითოეული ობიექტის საწყისი ფასი რა ქინება.
რაც შეეხება იმ ობიექტებს თუ რა შეიძლება მოხვდეს ამ სიაში გობეჯიშვილის თქმით, საუბარია ისეთ ობიექტებზე, რომელთა სახელმწიფო მფლობელობაში ყოფნაც არის სახელმწიფოსათვის წამგებიანი და შესაბამისდა მოხდება აღნიშნული ობიექტების პრივატიზება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კონეტქსტში გობეჯიშვილმა ახსენა გუდაურში მდებარე სასტუმრო მარკო პოლო, რომლის 85 პროცენტის მფლობელიც არის სახელმწიფო და აცხადებს, რომ ეს ობიექტი არის სახელმწიფოსათვის წამგებიანი და გამორიცხული არ იქნება საპრივატიზაციო ნუსხაში მისი მოხვედრა.