უკრაინასა და აშშ-ს ძლიერი ურთიერთობა აქვთ, აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, უკრაინა უკან არ იხევს და მზადაა, მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწეროს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ უკან არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ვიყოთ თანმიმდევრული, რაც არ უნდა მომხდარიყო ადრე, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ. თუ შევთანხმდით, რომ მინერალების შეთანხმებას ხელი მოეწერება, ჩვენი მხრიდან მზად ვართ, მოვაწეროთ ხელი. გულწრფელად ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატებიც მზად იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებული შტატები უკრაინის პარტნიორი გახდა.
„მე მჯერა, რომ უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა საკმაოდ ძლიერია. ასე რომ, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისშივე ისინი ალბათ ყველაზე ძლიერები იყვნენ, რადგან მანამდე შეერთებული შტატების ისეთი მხარდაჭერა არ არსებობდა, როგორიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ურთიერთობა დროის გარკვეულ მომენტში. უკრაინის მარცხი არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა, არამედ ევროპისა და შეერთებული შტატების მარცხიც არის“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თუ მსოფლიო საზოგადოება ათი წლის წინ აქტიურად დაუპირისპირდებოდა რუსეთის აგრესიას და არ მისცემდა კრემლს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გაფართოების უფლებას, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო „ძლიერი პრევენციული სიგნალი, რომელიც თავიდან აიცილებდა სრულმასშტაბიან შეჭრას“.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ პუტინს არ მივცეთ გამარჯვების შესაძლებლობა", - აღნიშნა ზელენსკიმ.