„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებთ, დასავლეთ საქართველოსი სტიქიის ზონაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა პრობლემები მაქსიმალურად მყისიერად იქნას აღმოფხვრილი.
მისივე თქმით, ხუთი ათასზე მეტ აბონენტს უკვე აღუდგა ელექტრომომარაგება და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება.
„დღეს დილით 25 ათასზე მეტი აბონენტი გვყავდა ელექტროენერგიის გარეშე. „ენერგო-პრო ჯორჯია“ მუშაობს და ხუთი ათასზე მეტ აბონენტს უკვე აღუდგა ელექტრომომარაგება. იმედია, ამ ინტენსივობით გაგრძელდება ელექტრომომარაგების აღდგენა. ჯერჯერობით რამდენიმე სოფელთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. მაგალითად, სამტრედიაში, გორმაღალთან კონტაქტი, პრაქტიკულად, არ იყო, რადგან ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო ტელეფონების დატენვაც კი ვეღარ შეძლეს. ერთი ადამიანი დიალიზზე იყო, სჭირდებოდა გამოყვანა და ჩვენმა წარმომადგენლებმა ფეხით შეძლეს გამოყვანა. ეს ერთ-ერთი მაგალითი გითხარით და ბევრი მსგავსი პრობლემაა, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ყველა ასეთი პრობლემა მყისიერად იქნას აღმოფხვრილი. ეს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ხერხდება.
რა თქმა უნდა, პროცესს ახლავს დიდი სირთულეები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამას ვუმკლავდებით. ასევე პრობლემები გვაქვს ვანის მიმართულებით, სულორსა და რამდენიმე სოფელში. მაგალითად, გაჭირდა 30 ტონამდე აგრეგატების გადაადგილება. მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის ჩამოყვანა. ინფრასტრუქტურის სამინისტროც გვეხმარება ამაში. ასევე პრობლემები გვაქვს ბაღდათის მიმართულებით, თუმცა იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეძლებისდაგვარად, სწრაფ ვადებში ახერხებენ, რომ ათასობით ადამიანს ელექტროენერგია მიეწოდოს. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, სერიოზული გამოწვევები, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და შემიძლია, გულწრფელად შევაქო იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, რადგან კარგად აქვთ დალაგებული მენეჯმენტი“, – განაცხადა მდინარაძემ.