უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მინერალების შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არის ნათქვამი, რომ უკრაინა არის მოვალე წარსულში მიწოდებული დახმარებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამერიკელებისგან მოითხოვდა უსაფრთხოების გარანტიებისთვის მხარდაჭერაზე წინადადების ჩამატებას, მაგრამ არაფერი კონკრეტულად ჯერ არ გადაწყვეტილა.
დონალდ ტრამპის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარების მილიარდობით დოლარის ღირებულება დააბრუნოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინის მიერ “10 ცენტის დაბრუნებასაც”.
„მთავარი კითხვები, რომლებიც იქ დავამატე – იქ ძალიან კარგად ჟღერს. გუნდები მუშაობდნენ, როგორც უკრაინელები, ასევე ამერიკელები. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ მოვალეები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიაში ისმის. ხელშეკრულებაში 500 მილიარდი ვალი არ არის, არც 350 და არც 100 მილიარდი, იმიტომ, რომ ჩვენთვის უსამართლო იქნებოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფონდზე, ეს ასევე გადაწყვეტილი საკითხია ამ ჩარჩოხელშეკრულებაში. მზად ვართ, ვისაუბროთ პარტნიორობაზე, და მნიშვნელოვანია, რომ ვართ პარტნიორები. ეს ფონდი უკრაინულ-ამერიკელია და არა ამერიკული. შემდეგი შეთანხმება არის ფონდთან დაკავშირებით. უკვე იქნება გარკვეული პარტნიორობა, ფული და ა.შ. და შემდეგ კონტრაქტს უკვე ექნება სავალდებულო რატიფიკაცია უკრაინის პარლამენტში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფულზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს ჩარჩო შეთანხმებაა. მისი თქმით, დღეს ჯერ კიდევ შეუძლებელია რაიმეს ანაზღაურება, რადგან შეთანხმება არ არსებობს.
„მომდევნო შეთანხმება ფონდს ეხება და უკვე იქნება რაღაც პარტნიორული ურთიერთობები, ფული და მსგავსი საკითხები. შემდეგ შეთანხმებას უკვე ექნება სავალდებულო რატიფიცირება უკრაინის პარლამენტში. მე არ ვიცი შეერთებული შტატების კონგრესის შესახებ. უბრალოდ არ ვიცი, ჩემს პარტნიორებს ჯერ არაფერი უთქვამთ. „ეს ჩვენთვის სავალდებულოა ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, პროპორციები, რასაც უკრაინა გადასცემს ფონდს და შემდეგ მიიღებს სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან, დონალდ ტრამპთან ერთად ცალკე უნდა გადაწყდეს.
„რა სახის დახმარება შეიძლება იყოს ეს და რა იქნება? და ეს არ ეხება ამ შეთანხმებას. ეს შეთანხმება არის ჩვენი დიდი შეთანხმებების ნაწილი შეერთებულ შტატებთან. ეს შეთანხმება შეიძლება იყოს მომავალი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯერ არ არის შეთანხმებული ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები.