ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობს.
პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მაღალი ზუსტი რაკეტებს, დრონებს და სხვა იარაღს უკრაინის სამხედრო ბრიგადების გასაძლიერებლად. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ევროკავშირი ცდილობს უზრუნველყოს პრინციპული შეთანხმება ამ ინიციატივაზე უკვე მომავალ კვირას, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან.
ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ფინანსური დეტალები უნდა დაამტკიცონ და შეთანხმებას მოაწერონ ხელი.
„ვადები შეიძლება შეიცვალოს უნგრეთის პოზიციის გამო, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს დაბლოკოს უკრაინის ახალი სამხედრო დახმარება, ხოლო გერმანიამ შეიძლება გადადოს გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური პროცესების გამო“, - წერს გამოცემა.
ინიციატივა ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების კონტრიბუციას თანხისა და ნატურის ფორმით. ეს მოიცავს იარაღის, აღჭურვილობის მიწოდებას და დაფინანსებას უკრაინის ჯარების მხარდასაჭერად.