აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 15 თებერვალს საღამოს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კომუნიკაციის არხი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად.
"საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ კომუნიკაციის არხის შენარჩუნებაზე, რათა გადაწყვიტონ რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობაში დაგროვებული პრობლემები, წინა ადმინისტრაციის მიერ ორმხრივად სასარგებლო ვაჭრობის, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობისთვის ცალმხრივად დაწესებული ბარიერების მოხსნის ინტერესით" ,– წერია რუსული მხარის განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ლავროვმა და რუბიომ „გამოთქვეს თავიანთი ვალდებულება თანამშრომლობის მიმართ მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის გარშემო დარეგულირების, პალესტინის და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ“.
მხარეებმა ასევე „დაადასტურეს მზადყოფნა ერთად იმუშაონ ურთიერთპატივისცემის მქონე სახელმწიფოთაშორისი დიალოგის აღსადგენად“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ რეგულარულ კონტაქტზე და რუსეთ-უკრაინის სამიტის მომზადებაზე.