საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გრიპით დაინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ექიმებთან შეხვედრისას განაცხადა, რომელსაც დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა.
"საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ჰოსპიტალიზაცია, რაც დაკავშირებული იქნება გრიპთან და მის მკურნალობასთან, დაფარული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე", - განაცხადა ურუშაძემ და აქვე გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოსახლეობას სამედიცინო დაწესებულებისთვის დროულად მიმართვისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, დაინფიცირების შემთხვევაში უფასო იქნება პოლიკლინიკების ექიმებისა და სოფლის ექიმებისადმი მიმართვაც.
თბილისში შესაბამისი პროგრამის ინიციატორი დედაქალაქის მერიაა და მისი მიხედვით, იანვრის ბოლოდან მარტის ჩათვლით პირველადი პოლიკლინიკის ექიმები გამოძახებაზე უფასოდ მივლენ.
სულ 60-მდე პოლიკლინიკის ექიმები მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნის მიხედვით მოემსახურებიან.
"მინდა მივმართო თბილისელებს და ვთხოვო, საჭიროების შემთხვევაში ვისარგებლოდ პოლიკლინიკებით. მათთვის ეს მომსახურება იქნება უფასო და იქედან საავადმყოფოში წასვლა-არწასვლის საკითხს თავად პოლიკლინიკის ექიმები გადაწყვეტენ", - განმარტა უგულავამ ამავე შეხვედრაზე.
თბილისის მთავრობის ინიციატივით, აღნიშნული მომსახურებისთვის ექიმები წახალისება და 800-მდე ექიმი 225 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ.