უკრაინამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა. ამის შესახებ Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამერიკასთან“, - განაცხადა წყარომ.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადებები, სავარაუდოდ, შეესაბამება უკრაინის გამარჯვების გეგმას.
ამავდროულად, კიევმა ხაზი გაუსვა ამ რესურსების რუსეთისა და ირანისგან დაცვის აუცილებლობას.
The New York Times, უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინას სურს ტრამპისგან უსაფრთხოების "საკმარისი" გარანტიები იშვიათ წიაღისეულზე გარიგების სანაცვლოდ "რათა თავიდან აიცილოს ამ რესურსების რუსეთის ხელში ჩავარდნა."
კიევი გასული წლის ბოლოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან წიაღისეულის გადამუშავების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გეგმავდა, მაგრამ მათ გადაწყვიტეს მისი გადადება და ტრამპის ინაუგურაციამდე.
მედიის ცნობით, ზელენსკიმ ტრამპს წარუდგინა გეგმის მონახაზი ნიუ იორკში გასული წლის სექტემბერში, აშშ-ის საარჩევნო კამპანიის დროს. იგი მოიცავს კრიტიკული ბუნებრივი რესურსების გაზიარებას დასავლელ პარტნიორებთან და ტრამპისთვის საინვესტიციო სკრინინგის ძალაუფლების შეთავაზებას უკრაინაში ჩინური ბიზნესის ინტერესების დაბლოკვისთვის.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს 20-ზე მეტი კრიტიკული იშვიათი მინერალის საბადოები, ზოგიერთი საკონსულტაციო და საინვესტიციო ფირმა მათ ღირებულებას რამდენიმე ტრილიონ დოლარად აფასებს.
შეგახსენებთ, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს შეთანხმების მიღწევა უკრაინასთან, რათა აშშ-მა მიიღოს წვდომა უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.