უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების მუხლით. რადიო თავიუსფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის მიზეზი გახდა უმაღლეს რადაში საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებისა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ კირილო ბუდანოვის დახურული შეხვედრის შესახებ "უკრაინსკა პრავდაში" 27 იანვარს გამოქვეყნებული სტატია.
სტატიაში მოყვანილი იყო გენერალ კირილო ბუდანოვის პირდაპირი ციტატა დეპუტატების წინაშე გამოსვლიდან: "თუ ზაფხულამდე სერიოზული მოლაპარაკებები არ იქნება, მაშინ შესაძლოა უკრაინის არსებობისთვის ძალიან საშიშ პროცესები დაიწყოს."
მოგვიანებით უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ გენერალ ბუდანოვს ასეთი რამ არ უთქვამს.
"უკრაინსკა პრავდის" მთავარმა რედაქტორმა, სევგილ მუსაევამ განაცხადა, რომ რედაქცია პუბლიკაციაზე მუშაობის დროს კანონის ფარგლებში მოქმედებდა.