ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მომხდარ არეულობას 78 ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა გაეროს მონაცემები, რომლითაც 117 ადამიანია დაღუპული.
ქვეყნის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ქვეყანაში მომხდარ მასობრივ არეულობასა და დემონსტრანტების დაღუპვაში შინაგან საქმეთა მინისტრის როლს გამოიძიებს.
აღსანიშნავია, რომ ტუნისში გლოვაა გამოცხადებული. დაღუპულთა პატივსაცემად ქუჩებში ასობით ადამიანი გამოდის და სანთელს ანთებს. ამის პარალელურად ქვეყანაში აქციებიც გრძელდება. დემონსტრაციებს, რომელზეც მოსახლეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს, გუშინ სამართალდამცველებიც შეუერთდნენ.