ევროკავშირიც და აშშ-ს ახალი ადმინისტრაციაც დარწმუნებული არიან, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა, რადგან ის აგრესორია, ამის შესახებ Deutsche Welle-ს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აქვთ.
"სწორედ რუსეთმა დაიწყო ეს ომი. და რუსეთს შეუძლია დაასრულოს იგი. შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და გაიყვანოს უკრაინიდან თავისი ჯარები. ამიტომ, ჩვენ მათზე [რუსეთის ხელისუფლებაზე] ზეწოლა უნდა მოვახდინოთ", - აღნიშნა კალასმა.
კალასის თქმით, ვაშინგტონშიც არის ამ გარემოების „გააზრება“.
„გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა ვპუტინის წინააღმდეგ.ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სიტუაციის მსგავსი ხედვა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
კალასის თქმით, აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ დარწმუნდა, რომ ვაშინგტონს, ისევე როგორც ბრიუსელს, სურს მდგრადი მშვიდობა უკრაინაში და არა დროებითი ზავი.
„ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი მშვიდობა, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაცია მშპ-ის 9 პროცენტს სამხედრო მრეწველობაში დებს. ამიტომ ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ გავაგზავნოთ სწორი სიგნალები“, - თქვა კაია კალასმა.