ნატოში რუსეთის წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი რუსეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის და ამას მაღალი რისკის ფაქტორით ხსნის. "აღმოსავლეთიდან ჩვენ დიდი მეზობელი გვესაზღვრება - ეს ჩინეთია, რომლის მოსახლეობაც რუსეთის მოსახლეობაზე 10-ჯერ მეტია. მიმაჩნია, რომ თავგადასავლები არ უნდა ვეძებოთ და რუსეთ-ჩინეთის საზღვარი ჩინეთ-ნატოს საზღვრად არ უნდა ვაქციოთ", _ აცხადებს როგოზინი.
დიმიტრი როგოზინი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი ნატოში კი არ უნდა გაწევრიანდეს, არამედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორული ურთიერთობები უნდა აშენოს. "ჩვენ უნდა გვქონდეს სტაბილური და ჭეშმარიტად პარტნიორული ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზესახელმწიფოები ალიანსებში კი არ მონაწილეობენ, არამედ ისინი ამ ალიანსებს ქმნიან", _ განაცხადა როგოზინმა.
ამასთან ერთად, დიმიტრი როგოზინი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები არამდგრადობით გამოირჩევა. ალიანსში 28 ქვეყანაა და თითოეულ მათგანს თავისი დამოკიდებულება აქვს რუსეთთან. "არსებითად, ჭკვიანური პოლიტიკა ნატოსთან ურთიერთობებში საშუალებას გვაძლევს დავბლოკოთ ჩვენთვის არასასურველი სცენარები იმ ქვეყნების მოქმედებებისა, რომლებსაც რუსეთი აღელვებთ. ამიტომაც ამ მუსტანგის ჭენება ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ ვისწავლეთ", _ აცხადებს როგოზინი.