ვასილ მაღლაფერიძე არღვევს კანონს, მას აქვს გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე, - ამის შესახებ „მოამბის“ წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრების შემდეგ განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
შენობასთან ასევე შეკრებილები არიან მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვენ, ობიექტურად გააშუქოს სახალხო პროტესტი და მოქალაქეებზე პოლიციის ძალადობა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მაღლაფერიძის გავლენა ვრცელდება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა უნდა იყოს დამოუკიდებელი. კანონით არავის აქვს უფლება დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. ვასილ მაღლაფერიძე არღვევს ამ კანონს და მას აქვს გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე. ეს არ ხდება რაიმე პირდაპირი მითითებებით სამეურვეო საბჭოს სხდომებზე. ეს საბჭოც იმყოფება იმავე შენობაში, სადაც დანარჩენი ტელევიზია და მას ადამიანურად კარგი ურთიერთობები და ხშირი შეხვედრები აქვს იმ ხალხთან, ვინც განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას. შესაბამისად, მისი გავლენა, თვალსაჩინოა.
მაუწყებელში მომუშავე ადამიანისთვის ეს ძალიან იოლად დასანახია, როცა ხედავ ვაილ მაღლაფერიძეს არა საბჭოს სხდომაზე, არამედ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ოთახში, როგორ ხედავ მაღლაფერიძეს "მოამბის" საეთეროში, როცა შუქდება აქციის დარბევა და რა ტერმინებს იყენებს ის იქ, როგორ ხედავ მის ურთიერთობას ახალი ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან თუ არხის გენერალურ დირექტორთან. ეს ხშირი და შეხმატკბილებული ურთიერთობა განსაზღვრავს იმას, რომ მაღლაფერიძის გავლენა ვრცელდება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. თუ რაიმე არის, ეს არის - ამ პოზიციაზე ვრჩები", - თქვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა "მთავარი არხის" ეთერში.