რუანდის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, საზღვართან მდებარე 2 მილიონი ადამიანით დასახლებულ ქალაქ გომაში შევიდნენ.
გაერო-ს ექსპერტებისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის აზრით, ამბოხებულებს რუანდის ხელისუფლება უჭერს მხარს.
AFP გაერო-ს წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამბოხებულთა გაერთიანებამ, რომელსაც 23 მარტის მოძრაობის (M23) სამხედრო დაჯგუფება ხელმძღვანელობს, აიღო ქალაქი, რომელიც მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირის თავშესაფარია და რუანდასთან საზღვარზე მდებარეობს.
როგორც AFP აღნიშნავს, 27 იანვარს მებრძოლები რუანდელი ჯარისკაცების მხარდაჭერით გომას ცენტრში შევიდნენ. სააგენტოს კორესპონდენტები იუწყებიან ქალაქში სასტიკი ბრძოლებისა და საარტილერიო სროლების შესახებ.
ამავდროულად, გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ M23-ის მებრძოლები იერიშის დროს მცხოვრებლებს "ცოცხალ ფარად" იყენებენ.
სააგენტო აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, ქალაქის რომელი რაიონები აიღეს მეამბოხეებმა და რომელი რჩება კონგოს დემოკრატიულ;ი რესპუბლიკის არმიის კონტროლის ქვეშ.
მეამბოხეების შეტევის დროს, რომელიც დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდა, დაიღუპა 13 მშვიდობისმყოფელი.
გაერო-ს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 400 ათასამდე მცხოვრები იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები.
ამასთან, Associated Press-ის ცნობით, 23 მარტის მოძრაობის (M23) ამბოხებულთა შეიარაღებული დაჯგუფების იერიში რეგიონში აფრიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის მკვეთრი გაუარესების საფრთხეს ქმნის, რასაც, დიდი ალბათობით, დამატებითი უბედურება მოჰყვება მაშინ როცა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისი დგას და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია.
აშშ-მა და ევროკავშირმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს და რუანდას M23-ისადმი მხარდაჭერის შეწყვეტა სთხოვეს.