„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დღეს ციხეში შესული იყო მისი ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი. ის ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, იმ ფონზე, რომ ის უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.
ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, სანამ ორგანიზმი შესაძლებლობას მისცემს. ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს.
„შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი მდგომარეობით, მზია ამაღლობელის მდგომარეობა არის ნორმალური, არის კონტაქტური, საუბრობს, შეუძლია ინფორმაციის მოწოდება, ცხადია, მე საუბარი მაქვს მის ვიზუალურ მდგომარეობაზე და სამედიცინო თვალსაზრისით ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ამ ეტაპისთვის, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, არის მხოლოდ ძირითადი მონიტორინგი სამედიცინო თვალსაზრისით, ეს ინფორმაცია რასაც პენიტენციური დაწესებულება ინახავს, აღწერს, არის გამოთხოვილი, ამასთან დღეს იმყოფებოდა სახალხო დამცველის ეგიდით ექიმი, რომელმაც გარკვეული მონიტორინგი განახორციელა და პირველადი ინფორმაცია ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში იმ სამედიცინო ჩანაწერების, რომლებსაც გავეცნობით. პირველადი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა არის ნორმალური მიუხედავად იმისა, რომ მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს და ცხადია ორგანიზმში მიმდინარე პროცესები არ იქნება ისეთი ნორმალური ვითარების, როგორც არის ნორმალურ ცხოვრებაში ადამიანისთვის დამახასიათებელი. მაგრამ თვითონ მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებაა, რომ აგრძელებს შიმშილობას, მანამ სანამ ორგანიზმი ამის შესაძლებლობას მისცემს“, – თქვა ადვოკატმა „ტვ პირველის“ ეთერში.