„გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას წარმომადგენელს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებული ვიდეო მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა. პარტიის ცნობით, მიზეზად ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნა დაასახელეს, თუმცა უწყებას ასლები აქვს.
პარტიის განცხადებითვე, წარმომადგენელს არ გადასცეს მოწმის, ჟურნალისტ ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი.
ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი“, – წერია პარტიის განცხადებაში.
15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ .
შსს-მ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
სასტუმრო შერატონის წარმომადგენლის ცნობით, თავდასხმის ამსახველი ჩანაწერები სრულად აქვთ და ოფიციალური მომართვის შემდეგ უწყებებს გამოძიებისთვის გადასცემენ.