ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ. ნათქვამია საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერება იწვევს საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირიში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
"ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებია. ოფიციალური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას, რომელიც ძირს უთხრის ამ ღირებულებებს, არ უნდა სარგებლობდნენ ევროკავშირში გამარტივებული შესვლით", - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
"გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს მიერ გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საკანონმდებლო პაკეტის მიღების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას. საქართველოს მოქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც დაიდო გამარტივების შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. ეს ასევე არის რეაგირება ქართული ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ განაგრძობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების პროცესს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელმაც აღადგინა სავიზო მოთხოვნები, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ასევე ვეღარ ისარგებლებენ სავიზო განაცხადის განხილვის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობით.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, კვლავ ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.