ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობას, რაც ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა პალესტინელებთან მოლაპარაკების პროცესში, 10 თვით წყვეტს.
ამავდროულად, მშენებლობები აღმოსალეთ იერუსალიმში, რომლის წინააღმდეგაც უარყოფითი პოზიციები დააფიქსირეს აშშ-მ, ევროკავშირმა და გაერომ, გაგრძელდება.
თავად პალესტინელებს ისრაელის ხელისუფლების დათმობა არასაკმარისად მიაჩნიად სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელდებლად.
1967 წელს, ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მშენებლობების შეწყვეტის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
"ეს არ არის ადვილი. ეს მტკივნეული ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ მივდივართ ამაზე სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ვიმედოვნებ, რომ პალესტინელები და არაბული სამყარო სამშვიდობო დიალოგის პროცესის აღსადგენად ამ შესაძლებლობას გამოიყენებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა არაერთხელ მოუწოდა პალესტინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ.
"მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ ჩვენ დავთანხმდით პალესტინის სახელმწიფოს არსებობას, არამედ ის, რომ პალესტინელებმა აღიარონ ებრაული სახელმწიფო", - განაცხადა ნეთანიაღუმ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიესალმა შეერთებული შტატები. თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ისრაელის ხელისუფლება მხოლოდ აღნიშნული გადაწყვეტილებით არ უნდა შემოიფარგლოს.
როგორც ახლოაღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარომადგენელი ჯორჯ მიტჩელი აცხადებს, ეს გეგმა სრულად არ შეესაბამება აშშ-ის მოთხოვნებს მშენებლობების სრული შეწყვეტის შესახებ, თუმცა საუბარია საკმაოდ დადებით ტენდენციაზე და მნიშვნელოვან ნაბიჯზე.