უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა გამოეხმაურა უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებას უნგრეთიდან უკრაინაში დრონების შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ბევრი რამის დანახვას ვიწყებთ, პიტერ, კერძოდ, თქვენი მთავრობის თვალთმაქცობასა და მორალურ დეგრადაციას, უკრაინისა და დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ ღია და ფარულ მუშაობას, კრემლის ლაქიის როლში ყოფნას. ჩვენ პრეზიდენტზე თქვენი შეტევების ვერანაირი რაოდენობა ვერ შეცვლის იმას, რასაც ჩვენ და ყველა ხედავს“, – წერს სიბიჰა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს.
მის განცხადებას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, რომელმაც დაწერა: „ზელენსკი გონებას კარგავს თავისი ანტიუნგრული აკვიატებით, ახლა იწყებს იმის დანახვას, რაც არ არსებობს“.