გიორგი გახარიაზე თავდასხმა ჩასაფრებით და თვალთვალით წინასწარ იყო ორგანიზებული, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართელოსდთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
"მტკიცებულებებზე დაყრდნობით დავადგინეთ, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა, განხორციელებული ჩასაფრებით და თვალთვალით, მათ შორის, შეიარაღებული პირების მიერ, რომლებიც ამ ყველაფერს წინასწარ იწერდნენ და რაშიც ჩართული იყო როგორც პოლიცია, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამწუხაროდ, შერატონ ბათუმი. ოცნება ყველანაირად ეცდება, რომ ეს იყო სპონტანური, ასეთი, ისეთი, ვიღაცეებს იქ ხელები შეაწმინდონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ამ მტკიცებულებებს ეტაპობრივად გავასაჯაროებთ და საზოგადოებისთვის გახდება ნათელი ის, რაც იქ რეალურად მოხდა.
მთელი დღის განმავლობაში გიორგი გახარიას უთვალთვალებდნენ რეჟიმის წარმომადგენლები, იცოდნენ შერატონში როდის შევიდა, როდის გამოვიდა და როდის ბრუნდებოდა, მათ მოასუფთავეს შერატონის ლობი, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს რესეფშენშიც კი არ იყო სასტუმროს არცერთი წარმომადგენელი, არ იყო დაცვა. ანუ ეს ადამიანები, თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ ჩასაფრებულები ლობიში, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიარაღებულები და მომზადებულები, რომ თავდასხმა ჩაეწერათ. მას შემდეგ, რაც ზვიად ქორიძეს დაესხნენ თავს, დაახლოებით პირველ საათზე, შერატონმა არ მიიღო ზომები, არ გამოიძახა პოლიცია. იცოდნენ, რომ დაახლოებით 2-ის 20 წუთზე გახარია დაბრუნდებოდა შერატონში. ჩვენი გამოძიებით დადგენილია, რომ სასტუმროში მივიდა სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც შეამოწმა თანამშრომლების ტელეფონები, რომ გაენადგურებინათ მტკიცებულებები, ადგილზე პოლიცია გამოცხადდა 47 წუთის დაგვიანებით, და 3 საათის და 10 წუთის დაგვიანებით აკრავს ე.წ. დამცავ ლენტს, როდესაც იქ დასაცავი აღარაფერია.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სუს-ი, პოლიცია და შერატონი ერთად მუშაობდნენ ორგანიზებაზე, ჩასაფრებისთვის პირობების შექმნაზე, მტკიცებულებების განადგურებაზე და ამის შემდეგ პოლიციამ პირველი რაც გააკეთა პრაქტიკულად გაიტაცა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რადგან ის იყო პასუხისმგებელი კამერებზე, გაიტაცეს, რათა მასთან დალაგებულიყვნენ და ეს კამერების საკითხი მოეგვარებინათ. პირველივე დღიდან მოვთხოვეთ შერატონ ბათუმს და მარიოტ ინთერნეიშენალს და მოვთხოვეთ იმის მიუხედავად, წაიღებდა თუ არა გამოძიება ჩანაწერებს, შეენახათ ეს ჩანაწერები. რა გააკეთა შერატონმა? - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პირველი 6 დღე, შერატონის მენეჯერი იმიზეზებდა იურისტებთან კონსულტაციას და უცებ აღმოჩნდა, რომ როგორც კი გიორგი გახარიამ გამოთქვა სურვილი გამოკითხვაზე მისვლის, შერატონი და პროკურატურა არიან ერთმანეთთან სრულ კოორდინაციაში და ბოლოს ვიგებთ შერატონისგან, რომ პროკურატურამ ყველაფერი პირწმინდად წაიღო", - თქვა მეზვრიშვილმა.