სამხრეთ კორეის უფლებამოსილებაშეჩერებულ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს პროკურატურამ ამბოხის ხელმძღვანელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
საუბარია იუნის მიერ 3 დეკემბერს მოულოდნელად შემოღებულ საომარ მდგომარეობაზე, რომლის მიზანიც პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხება იყო.
იუნს ასევე ადანაშაულებენ პარლამენტში ჯარების გაგზავნაში საომარი მდგომარეობის მოხსნის კენჭისყრის ჩაშლის მიზნით, ასევე ოპოზიციის მთავარი ფიგურების და საარჩევნო კომისიის თანამშრომლების დაკავებაში.
გადაყენებული პრეზიდენტის ადვოკატებმა უარყვეს ამბოხის წაქეზების ბრალდება და განაცხადეს, რომ სიმართლისათვის ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებენ.
მათი თქმით, საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ შეიძლება კლასიფიცირებული იყოს აჯანყებად.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში იუნს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.
იუნ სოკ იოლი 15 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პარლამენტმა მას 14 დეკემბერს იმპიჩმენტი გამოუცხადა და ახლა უფლებამოსილების სამუდამოდ შეჩერების საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად 180-დღიანი ვადა აქვს.