ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რობერტ ბრიგერი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, მხარს უჭერს გრენლანდიაში ევროკავშირის ჯარისკაცების განლაგებას.
„ეს იქნება ძლიერი სიგნალი და შეიძლება ხელი შეუწყოს სტაბილურობას რეგიონში“, - თქვა ავსტრიელმა გენერალმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში.
ბრიგერის განცხადებით, გრენლანდიას დიდი მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით.
„იქ ნედლეულის მდიდარი საბადოა და მასზე გადის საერთაშორისო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზები“, - განმარტა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მან დასძინა, რომ ვითარება, არქტიკულ კუნძულზე ყინულის დნობის გათვალისწინებით, „ქმნის დაძაბულობის პოტენციალს რუსეთთან და შესაძლოა ჩინეთთან“.
ბრიგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კუთხით „გონივრული იქნება იქ ევროკავშირის ჯარისკაცების განლაგების შესაძლებლობა“.
ის ასევე ვარაუდობს, რომ ტრამპი „პატივს სცემს გაერო-ს წესდებაში გათვალისწინებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს“.
„მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია არ არის ევროკავშირის ნაწილი, ევროპელებს - ისევე როგორც აშშ-ს ინტერესები აქვთ კუნძულის მიმართ,“ - თქვა ბრიგერმა.
დონალდ ტრამპმა გრენლანდიის დანიისგან შესყიდვის განზრახვა ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას გამოაცხადა. მაშინ ამ განზრახვამ ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაციება გამოწივა. პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა იდეას "აბსურდული" უწოდა.
2024 წლის დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობსა და კონტროლს აბსოლუტურ აუცილებლობად მიიჩნევს, მისი ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის