უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სანდუმ და ზელენსკიმ დაგმეს რუსეთის მიერ დნესტრისპირეთისთვის გაზის მიწოდების მიზანმიმართული შეწყვეტა, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კრიზისი.
ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება და შესაძლებლობა უზრუნველყონ სასწრაფო და კონკრეტული გადაწყვეტილებები რეგიონის მაცხოვრებლების ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თავიდან აიცილონ კრიზისის შემდგომი ესკალაცია და აღადგინონ ძირითადი სერვისები.
მათ ასევე დაგმეს რუსეთის უპრეცედენტო დივერსიული აქტივობები და ჰიბრიდული თავდასხმები მოლდოვის წინააღმდეგ, განსაკუთრებით გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის კონტექსტში.
„ეს ქმედებები ცხადყოფს აშკარა განზრახვას სისტემატიურად ჩაერიოს დემოკრატიულ პროცესებში რეგიონის დესტაბილიზაციისა და ევროპაში სტაბილურობის შელახვის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ხაზი გაუსვეს მოლდოვასა და უკრაინას შორის კავშირის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საზღვრის გადაკვეთის ხელშეწყობას, ბარიერების მოხსნას და ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტების შექმნას.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში დღეს ჩავიდა.