საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" (CPJ) ხელისუფლება მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს "ბათუმელების"/"ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ოპერატორი გურამ მურვანიძე.
ორგანიზაცია ასევე გამოდის მოწოდებით, ხელისუფლებამ გამოიძიოს, ხომ არ არის მზია ამაღლობელის პატიმრობა დაკავშირებული მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიებასთან.
CPJ-ის ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გიულნოზა საიდის განცხადებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებული სერიოზული ბრალდებები აშკარად არაპროპორციულია და აჩენს კითხვებს, გამოიყენება თუ არა ეს საქმე მისი მედიაორგანიზაციების გაჩუმების მიზნით
"ამაღლობელი დაკავების ღამეს საპროტესტო აქციას არ აშუქებდა, მაგრამ ადვოკატი და ადგილობრივი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება და წაყენებული ბრალდება არის სადამსჯელო პასუხი მისი გამოცემების საქმიანობაზე, რომლებიც ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების, მათ შორის პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებას, რეგულარულად აშუქებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მზია ამაღლობელის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომა. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარუდგინა და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების შესახებ და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდგომი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.
გურამ მურვანიძეს, რომელიც საპროტესტო აქციას აშუქებდა, 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით.