უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება „რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებთან“ დაკავშირებით.
„...გარკვეული პირების რუსეთის მოქალაქეობა დადასტურებულია - მათთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადებულია. ბრძანებულება ხელმოწერილია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ამ პირების ვინაობა არ დაუსახელებია.
ეროვნული ტელემარათონი სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საუბარია ოდესის მერისთვის, გენადი ტრუხანოვისთვის, უკრაინაში გასამართლებული „ოპოზიციური პლატფორმიდან - სიცოცხლისთვის“ ყოფილი პარლამენტარის, ოლეჰ ცარევისა და ბალერონის, სერგეი პოლუნინისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას.
გენადი ტრუხანოვი ოდესის მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.
უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის თანახმად, მოქალაქეობის ჩამორთმევა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია.
თავად ტრუხანოვი მანამდე სოციალურ ქსელებში წერდა, რომ რუსეთის მოქალაქეობის ქონის საკითხი გუშინ შესაბამის კომისიას უნდა განეხილა. ტრუხანოვი ამბობს, რომ ეს ბრალდებები ახალი არ არის.
„2014 წლიდან მე მუდმივად განვმარტავდი, რომ არ მაქვს და არასდროს მქონია რუსეთის მოქალაქეობა. მე შემამოწმა უკრაინის ყველა შესაბამისმა ორგანომ“, – დაწერა ტრუხანოვმა გასულ კვირას.