ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას - ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ - დღეს ევროპა საშველია თავად ბრიუსელისგან და ევროკავშირის მესვეურებისგან, რათა ცივილიზაციურ უფსკრულში საბოლოოდ არ გადაიჩეხოს! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა საფრანგეთში გამართულ დემონსტრაციებს, რა დროსაც რამდენიმე ქალაქში არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებო მოხდა.
"როცა ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, სადაც ბრიუსელი მიქანებს დღეს ევროპას - პირდაპირ ჩავიხედოთ, რა არის ცივილიზაციური უფსკრული, როდესაც ვხედავთ პარიზში როგორ წვავენ არამხოლოდ უბრალოდ შენობებს, არამედ ისტორიულ, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს, როგორ არის ძალადობა პარიზის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში. ხომ იყო კითხვა, რომ ცივილიზაციურ უფსკრულს გვაბრალებენო, აი პირდაპირ ჩახედეს თვალებში და ყველა ჩვენ ვხედავთ, რას ნიშნავს ევროპის ცივილიზაციური უფსკრული.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას და ჩვენი ამოცანა ესეც არის, ამიტომ ვართ ჩვენ კრიტიკულები ბრიუსელის და ევროკავშირის მიმართ, რომ გადავარჩინოთ ევროპა, რომ შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედები ჩვენ ვართ და ვხედავთ თუ საით მიაქანებს ევროკავშირი ევროპას, ამიტომ, დღეს ევროპა საშველი არის თავად ბრიუსელისგან, ევროკავშირის მესვეურებისგან, იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გადაიჩეხოს ევროპა ცივილიზაციურ უფსკრულში" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.