ჩვენ ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომლებიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ, - ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვალტონენის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე და არასამთავრობო ორგანიზაციები დაცული უნდა იყოს.
„ჩვენი შეხვედრისას დავსვი სერიოზული საკითხები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ეუთო-ს ფარგლებში. მათ შორისაა შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს და დემოკრატიულ მმართველობას ეხება, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლითაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა. ჩვენ ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, რომლებიც არაპროპორციული იურიდიული პროცედურების შედეგად ხდება, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის კითხვის ქვეშ. სამოქალაქო საზოგადოება არ არის სტაბილურობის საფრთხე, პირიქით, არასამთავრობო, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ბევრი სხვა ინსტიტუცია არის დემოკრატიული მედეგობის შემადგენელი ნაწილი. ისინი ინოვაციებს უწყობენ ხელს. მათი ხმა არა მარტო უნდა ისმოდეს, არამედ უნდა იქნას დაცული. სწორედ ამიტომ საქართველოში ვიზიტი არის აქცენტირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება. ასეა საქართველოშიც, საქართველოს მოსახლეობა ირჩევს, როგორი მომავალი უნდათ.
რაც შეეხება ეუთო-ს საკითხებს, საბოლოო აქტი არის ჰელსინკის ათი პრინციპი, რომელიც მოიცავს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, რასაც საქართველო აბსოლუტურად იმსახურებს. საქართველოს მოსახლეობაც იმსახურებს, რომ ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ჩართულობისა და თავისუფლებათა პრინციპები იქნეს დაცული. საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გზა კრიზისიდან გამოსასვლელად, ნდობის აღსადგენად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ჩვენი უწყებები მზად არიან, საქართველოს მხარი დაუჭირონ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში ჩვენი საერთო პრინციპების საფუძველზე, რომელიც ჰელსინკის საბოლოო აქტშია განსაზღვრული“, – განაცხადა ვალტონენმა. [სინქრონული თარგმანი]