რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველმა მავზოლეუმიდან ლენინის ნეშტის გატანაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის საქმეთა მმართველის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ლენინის ნეშტი წითელ მოედდანზე მდებარე მავზოლეუმში დარჩება. პირვანდელ ადგილას დარჩება კომუნისტური რეჟიმის დროს კრემლის კედელში დაკრძალულთა ფერფლიც.
"რამდენადაც ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება", _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველი ვლადიმერ კოჟინი.
რუსულ პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია წითელი მოედნიდან საფლავების გატანის შესახებ. ამ წინადადებით სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვლადიმერ მედინსკი გამოვიდა.
მედინსკიმ მავზოლეუმსა და მოსკოვის მთავარ მოედანზე ათობით ნეშტის დაფლა კერპთაყვანისმცემლურ-ნეკროფილურ მისიად შეაფასა. მეტიც, ამ საფლავების ადგილას კონცერტების ჩატარებამ მედინსკი სატანიზმზე აალაპარაკა. სხვები კი ლენინის სხეულს "მუმიად" მოიხსენიებენ.
ზოგიერთები ლენინის მავზოლეუმიდან გატანას პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის იმიჯის ასამაღლებელ პროექტად განიხილავენ.
პრეზიდენტის საქმეთა მმართველი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ლენინის მავზოლეუმიდან გატანის დრო არ დამდგარა.