პანამამ და დანიამ კიდევ ერთხეულ უარყვეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეტენზიები პანამის არხისა და გრენლანდიის კონტროლის შესახებ.
"პანამის სუვერენიტეტის არხზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს, მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და არხი პანამის ძალისხმევის ისტორიის ნაწილია", - განაცხადა პანამის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ მარტინეს-აჩამ სამშაბათს, 7 იანვარს.
მისივე თქმით, პანამის არხთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომაც.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა კი გამორიცხა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ან ეკონომიკური ზომების გამოყენება გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, რომელიც არის დანიის ტერიტორია და აქვს ფართო ავტონომიური უფლებები.
"გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის", - თქვა ფრედერიკსენმა TV2-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ კუნძული "არ იყიდება".
მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია სცენარი, რომ შეერთებულმა შტატებმა იძულებით დაიკავოს გრენლანდია. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები დანიის "ყველაზე მნიშვნელოვანი და უახლოესი მოკავშირეა" და სამეფოს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
7 იანვარს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟი გრენლანდიას ეწვია. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ოფიციალური ამერიკული ვიზიტი.
დონალდ ტრამპმა გრენლნადიის დანიისგან შესყიდვის განზრახვა ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას გამოაცხადა. მაშინ ამ განზრახვამ ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაციება გამოწივა. პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა იდეას "აბსურდული" უწოდა.
2024 წლის დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობსა და კონტროლს აბსოლუტურ აუცილებლობად მიიჩნევს, მისი ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა უარი თქვა, გამოერიცხა პანამის არხისა და გრენლანდიის ხელში ჩაგდებისთვის სამხედრო ან ეკონომიკური ზომების გამოყენების შესაძლებლობა.
დანიის მთავრობამ დეკემბერში განაცხადა, რომ გაზრდის თავდავის ხარჯებს სულ მცირე 1.5 მილიარდი დოლარით. გარდა ამისა, სამეფომ შეცვალა ოფიციალური გერბი, სადაც უფრო ფართო მნიშვნელობა მიანიჭა გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების სიმბოლოებს.
მეორე მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა დე ფაქტო დაიკავა გრენლანდია, რათა ის გერმანელების ხელში არ ჩავარდნილიყო. კუნძული გახდა ევროპაში ამერიკული ოპერაციების მნიშვნელოვანი ბაზა.
ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კუნძული დანიის კონტროლს დაუბრუნა, მაგრამ შესთავაზა მისი გამოსყიდვა, რაზეც უარი მიიღო.
თუმცა კუნძულზე ჯერ კიდევ არის დიდი ავიაბაზა, რომელსაც ამერიკელები ნატო-ს პარტნიორობის ფარგლებში იყენებენ.
გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის ფართობია 2,1 მილიონი კვადრატული კილომეტრი. მისი მოსახლეობა მხოლოდ 56 ათასი ადამიანისგან შედგება. მე-18 საუკუნეში იგი დანიის კოლონიად იქცა.
1979 წლის რეფერენდუმის შედეგად გრენლანდიამ დანიისგან ფართო ავტონომია მოიპოვა. 2009 წლს, მორიგი რეფერენდუმის შემდეგ, კოპენჰაგენმა მიიღო გრენლანდიის თვითმმართველობის კანონი, რითაც კიდევ უფრო გაფართოვდა კუნძულის ავტონომია.
ამ კანონის თანახმად, კუნძულს დამოუკიდებლობის გამოცხადება მხოლოდ რეფერენდუმის შედეგების მიხედვით შეუძლია.
პანამის არხის მშენებლობა 1914 წელს დასრულდა. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის მშენებლობა შეერთებულმა შტატებმა განახორციელა.
1999 წელს შეერთებულმა შტატებმა არხის სრული კონტროლი პანამას გადასცა. პანამის არხს დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ვაჭრობისთვის: სხვადასხვა შეფასებით, მასზე გადის გლობალური კომერციული გადაზიდვების ხუთი პროცენტი. არხის ყველაზე ინტენსიური მომხმარებლები არიან აშშ, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.